Sunday, May 15, 2011

წიგნიდან "ნაწილი და მთელი" Der Teil und Das Ganze

ვერნერ ჰაიზენბერგი
(1933) 

12. რევოლუცია და საუნივერსიტეტო ცხოვრება 

1933 წლის ზაფხული სემესტრის დამდეგს ლაიფციგში, ჩემს ინსტიტუტში რომ დავბრუნდი, რღვევას აქ უკვე მაგრად გაედგა ფესვი. ჩემი სემინარის ზოგიერთმა ნიჭიერმა მონაწილმ უკვე დატოვა გერმანია, სხვები გასაქცევად ემზადებოდნენ. გერმანიიდან წასვლა გადაეწყვიტა ჩემს ბრწყინვალე ასისტენტს, ფელიქს ბლოხსაც. დრო იყო, მეც მეკითხა საკუთარი თავისთვის - ჰქონდა თუ არა აზრი ჩემს დარჩენას. სწორი გადაწყვეტილების ძიების ამ ძნელი პერიოდიდან მეხსიერებაში განსაკუთრებით ჩამრჩა ორი საუბარი, რომლებმაც ძლიერ მიშველეს: ერთი - ახალგაზრდა ნაციონალ-სოციალისტ სტუდენტთან, რომელიც ჩემს ლექციებს ისმენდა, მეორე - მაქს პლანკთან.
იმხანად  ჩემი ინსტიტუტის მანსარდაში ვცხოვრობდი. პირველი, რაც ამ ბინაში შესახლებისას შევიძინე, როგორც ყველაზე აუცილებელი ნივთი, „ბლიუთნერის“ ფირმის როიალი იყო, რომელზედაც საღამოობით ვუკრავდი, ან მეგობრებთან ერთად კამერული მუსიკის კონცერტებს ვაწყობდი. ამავე დროს უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში პიანისტ ჰანს ბელტცთან გაკვეთილები მქონდა და ზოგჯერ შუადღის შესვენებასაც სავარჯიშოდ ვიყენებდი. იმ პერიოდში სწორედ შუმანის კონცერტ a moll ს ვარჩევდი.
ერთხელ, ნაშუადღევს, ერთსაათიანი მეცადინეობის შემდეგ ინსტიტუტში ჩასვლა რომ დავაპირე, იქვე ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა სტუდენტი შევნიშნე, რომელიც ჩემს ლექციებზე ზოგჯერ ყავისფერ უნიფორმაშიც მოდიოდა ხოლმე. იგი მორიდებულად წამოდგა და მომესალმა. ვკითხე - მე ხომ არ მელოდებით-მეთქი.
არაო, მომიგო ცოტა შემცბარად, მხოლოდ მუსიკას ვუსმენდიო. მაგრამ რადგან ასეთი კითხვით მივმართე, დიდად მადლობელი დარჩებოდა, თუ ჩემთან საუბრის ნებას დავრთავდი. შინ შევიპატიჟე და ბოლომდე გადამიშალა გული.
„თქვენს ლექციებს ვესწრები და ბევრიც შევიძინე, მაგრამ თქვენთან დაკავშირების შესაძლებლობა აქამდე არ მომეცა, ხანდახან თქვენს დაკვრას ვუსმენ ხოლმე, რადგან საერთოდ მუსიკის მოსმენის საშუალებას თითქმის მთლიანად მოკლებული ვარ. მე ვიცი, რომ თქვენ ახალგაზრდულ მოძრაობაში მონაწილეობდით. მეც იქ ვიყავი მაშინ, მაგრამ არასოდეს არ ესწრებით ჩვენს ახალგაზრდულ შეკრებებს, ნაციონალ-სოციალისტ სტუდენტთა კრება იქნება, ჰიტლერიუგენდისა თუ სხვა უფრო დიდი თავყრილობა. მე თავად ჰიტლერიუგენდის წინამძღოლი გახლავართ და ძალიან გამიხარდებოდა, ჩვენს ჯგუფს რომ სწვეოდით. მაგრამ თავი ისე გიჭირავთ, თითქოს მთლიანად ეკუთვნოდეთ ძველ და კონსერვატორ პროფესორთა ჩაკეტილ წრეს, მხოლოდ გუშინდელი დღით რომ ცხოვრობენ და ახალი გერმანია, რომელიც დღეს იბადება, სრულიად უცხო, თითქმის საძულველიც კია მათთვის. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოთ ასეთი ახალგაზრდა, (ჰაიზენბერგი ამ დროს 32 წლისაა. 1932 წელს მიიღო ნობელის პრემია კვანტური მექანიკის დაფუძნებისთვის თ.კ J) უკრავდეთ ასეთი გატაცებით და ასე განზე იდგეთ, ასე უცხოდ გეჭიროთ თავი ჩვენი ახალგაზრდობისგან, რომელიც დღეს ახლად აშენებს გერმანიას. ჩვენ გვესაჭიროება ჩვენზე მეტი გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან ამ აღმშენებლობაში დაგვეხმარონ. თქვენ, ალბათ, ის გაბრკოლებთ, რომ ამ საფეხურზე უმსგავსობანიც ხდება, რომ ზოგჯერ უდანაშაულო ადამიანებს დევნიან და სულაც აძევებენ გერმანიიდან. დამიჯერეთ, ასეთ უსამართლობას მეც ასევე საშინლად განვიცდი. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ჩემი მეგობარი ასეთ საქმეში ხელს არ გაურევს. როგორც ჩანს, დიდი რევოლუციური მღელვარების დროს ვერ ავცდებით ხოლმე გადაჭარბებას. შესაძლებელია, პირველი წარმატების შემდეგ რევოლუციას ნაკლებ ღირსეული ადამიანებიც მიეტმასნონ, მაგრამ იმედი უნდა ვიქნიოთ, რომ გარდამავალი პერიოდის შემდგომ ამ ადამიანებს ისევ გარიყავენ. სწორედ ამიტომ გვესაჭიროება ისეთი მომხრეების შეძენა, რომლებსაც სწორი გზით სურთ აღმშენებლობა და ვინც, მაგალითად, ამ მოძრაობასაც გაამდიდრებდა იმ აზრებით, ჯერ კიდევ ახალგაზრდულ მოძრაობას რომ აცხოველებდნენ. მითხარით, მაშ რატომღა არ გვეკარებით?“
საქმე რომ მხოლოდ ახალგაზრდა სტუდენტებს ეხებოდეს, იქნებ გამებედა კიდეც სიტყვით და საქმით გამოვსულიყავი, რათა იმ შეხედულებებს გაემარჯვა სწორად რომ მიმაჩნია; მაგრამ ახლა, როცა ხალხის დიდი მასები ამოძრავდა, რამდენიმე სტუდენტის და პროფესორის აზრს დიდი არაფერი შეუძლია. რევოლუციის ფიურერებმა ეგრეთ წოდებული ინტელექტუალების გამასხრებით უკვე დაიზღვიეს თავი იმისგან, რომ ხალხს ყურად ეღო გონივრული გაფრთხილებები. პირიქით, მინდა გკითხოთ: საიდნ იცით, რომ ახალ გერმანიას აშენებთ? თქვენ რომ საამისოდ საუკეთესო სურვილები გამოძრავებთ, ამაზე ვერ შეგეკამათებით, მაგრამ ჯერჯერობით სრულიად ცხადია მხოლოდ ის, რომ ძველი გერმანია ინგრევა, ბევრი უსამართლობა ხდება, ხოლო ყველაფერი სხვა კი მაინც ფუჭი ოცნებაა. თქვენ რომ გეცადათ მხოლოდ იქ შეგეტანათ გაუმჯობესებანი და ცვლილებები, სადაც ნაკლოვანებები გამოჩნდა, ამას სიამოვნებით მივიღებდი. მაგრამ ის, რაც სინამდვილეში ხდება, სრულიად სხვაა. უნდა გავიგოთ, რომ მე გარმანიის დაქცევაში ვერ დაგეხმარებით. ეს ხომ თავისთავად ცხადია.“
„ახლა კი უსამართლობას იჩენთ ჩვენს მიმართ. ნუთუ შეიძლება მართლაც დაიჯეროთ, რომ პატარა ცვლილებებით რაღაცას მივაღწევთ. უკანასკნელი ომის შემდეგ წლიდან  წლამდე ყველაფერი მხოლოდ უარესდებოდა. მართალია, ჩვენ წავაგეთ, სხვბი ჩვენზე ძლიერები აღმოჩდნენ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან რაღაც უნდა ვისწავლოთ. სინამდვილეში კი რა ხდებოდა? ღამის კაფეები და კაბარეები გახსნეს, ყველა ისინი, ვინც გაისარჯნენ , საკუთარი ძალა არ დაიშურეს, თავი გასწირეს - სამასხროდ აიგდეს. რა საჭიროა ყველაფერი ეს? გაერთეთ, ომი წაგებულია, თქვენ ხელთაა სასმელები და ლამაზი ქალებიო. ეკონომიკაში კორუფციამ ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა. როცა მთავრობას ფული შემოელია, ვინაიდან სარეპარაციო გადასახადები გადასახდელი იყო, ან კიდევ იმიტომ, რომ გაღატაკებულ ხალხს ბევრ გადასახადს ვეღარ შეაწერდნენ, მან აიღო და უბრალოდ ფული მოჭრა. ვითომ, რატომაც არაო? ის, რომ ბევრ მოხუც და უმწეო ადამიანს ამით უკანასკნელი ლუკმა გამოეცალა და შიმშილით სიკვდილი ელოდა, არავის აწუხებდა. მთავრობას ბლომად ჰქონდა ფული, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები - გაღატაკდნენ. დამეთანხმეთ, რომ ბოლო დროს კორუფციის ყველაზე საშინელ სკანდალებში ყოველთვის ებრაელები ერივნენ.“
„ამიტომ ხომ არ აძლევთ თავს ნებას ებრაელები ადამიანთა განსაკუთრებულ  კატეგორიაში ჩარიცხოთ, უდიერად მოექცეთ და მთელი რიგი საუცხოო პიროვნებებისა გერმანიიდან გააძევოთ? რატომ არ ანდობთ სასამართლო ორგანოებს იმათ დასჯას, ვინც ჩაიდინა დანაშაული, რასისა და სარწმუნოების მიუხედავად.“
„სწორედ იმიტომ, რომ სასამართლო მათ ხელს არ ახლებს. მართმსაჯულება დიდი ხანია პოლიტიკურ მართლმსაჯულებად იქცა, მხოლოდ იმისთვის იღწვის, რომ გუშინდელი ძირგამომპალი ურთიერთობები შეინარჩუნოს, მხოლოდ გაბატონებულ კლასს რომ იცავს და სრულიად არ აინტერესებს ხალხის ბედ-იღბალი. დააკვირდით ერთი, რა ლმობიერია ყველა განაჩენი კორუფციის უსაძაგლესი სკანდალების შემთხვევაშიც კი. რღვევის სულმა თითქმის ყველგან მოიკიდა ფეხი. თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე მაღალ ხელოვნებად ცხადდება ყველაზე აბსურდული მონაჩმახი, სრული უაზრობა. თუ უბრალო კაცი მასში მოსაწონს ვერაფეერს ნახავს, ეტყვიან: არ გესმის და ამიტომ, ვერც გაიგებ, ბრიყვი ხარო“. განა სახელმწიფოს აწუხებდა ღარიბების მდგომარეობა? ბევრს ლაპარაკობდნენ კარგი სოციალური წყობილება გვაქვსო, ვიზრუნებთ იმისთვის, რომ შიმშილით არავინ მოკვდესო.  მაგრამ განა საკმარისია ღატაკს მხოლოდ იმდენი ფული მივცეთ, რომ შიმშილით სული არ ამოხდეს და მერე უპატრონოდ მივაგდოთ? უნდა დამეთანხმოთ, რომ ჩვენ ამას ნამდვილად უკეთესად ვაკეთებთ. ჩვენ მუშების გვერდით ვსხდებით, ნაცისტურ შემტევ ჯგუფებში მათთან ერთად ვვარჯიშობთ, ღარიბებისათვის სურსათ-სანოვაგეს და ტანსაცმელს ვაგროვებთ, დემონსტრაციებზე მუშების მხარდამხარ მივაბიჯებთ. ვგრძნობთ, ბედნიერნი არიან, რომ მათ ცხოვრებაში ვმონაწილეობთ; ეს ხომ გაუმჯობესებაა. მანამდე მთელი 14 წელი ყველა მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის მუშაობდა. თუ ვინმე მეზობელზე უკეთესად ჩაიცვამდა, ოთახსაც უფრო ლამაზად მოაწყობდა, კარგი ცხოვრებაც ეს იყო. რაიხსტაგის დეპუტატებსაც მხოლოდ ის უტრიალებდათ თავში, რაც შეიძლება მეტი მატერიალური ხეირი ენახათ თავიანთი პარტიებისგან. საყოველთაო კეთილდღეობაზე არავინ ფიქრობდა. თუ ვერ მორიგდებოდნენ ერთმანეთს მუშტით დაერეოდნენან სამელნეებს დაუშენდნენ. მართალია, ამას ბოლო მოეღო,მაგრამ განა მხოლოდ ეს იყო უბედურება?“
„ თუ გიფიქრიათ, რომ გერმანელ ერს 1919 წლის შემდეგ ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ესწავლა; რომ არც ისე ადვილია შეიგნო სხვა ადამიანთა უფლებების ნებაყოფლობითი აღიარების აუცილებლობა მაშინ, როცა მთავრობა თავისი ავტორიტეტით აღარ ზრუნავს საყოველთაო სამართლიანობაზე?“
„ალბათ, ასეა. პარტიებს მთელი  14 წელი ჰქონდათ ამაზე დასაფიქრებლად. და მაინც, ყოველი შემდეგი წელი წინაზე უარესი იყო. თუ ჩვენ გერმანიის შიგნით ასე ვებრძვით და ვატყუებთ ერთმანეთს, რაღა გასაკვირია, რომ გერმანიის ავტორიტეტი  საზღვარგარეთ კიდევ უფრო ეცემა. სხვა ქვეყნები ასევე შეეცდებიან მოგვატყუონ. ერთა ლიგაში ხალხთა თვითგამორკვევაზე ლაპარაკობენ, მაგრამ სამხრეთ ტიროელებს არავინ ჰკითხავს ვისთან სურთ დაკავშირება -  სამხრეთ ტიროლი იტალიას ეკუთვნის.
ლაპარაკობენ უშიშროებასა და განიარაღებაზე, მაგრამ ყოველთვის გულისხმობენ გერმანელების განიარაღებას და სხვათა უშიშროებას. თქვენ ვერ გაამტყუნებთ ახალგაზრდობას, თუ ამ საყოველთაო სიცრუეს შინ და გარეთ ვეღარ შევურიგდებით. განა თქვენ კი შეურიგდებოდით?“
„დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ფიურერი ადლოფ ჰიტლერი უფრო კეთილსინდისიერია?“
„მე მესმის, რომ ადოლფ ჰიტლერი არ გესიმპათიურებათ, რადგან ზედმეტად პრიმიტიული გეჩვენებათ. მაგრამ იგი ხომ ყველაზე უბრალო ხალხს მიმართავს, ამიტომ ენაც მათი უნდა იხმაროს. ვერ დავიჟინებ, იგი უფრო კეთილსინდისიერი იქნება-მეთქი, მაგრამ მალე დარწმუნდებით, რომ ყველა ჩვენს პოლიტიკოსზე უფრო შედეგიანი ნამდვილად არის. გერმანიის უკანასკნელი ომის მოწინააღმდეგენი ჰიტლერს გაცილებით მეტ ანგარიშს გაუწევენ, ვიდრე მის წინამორბედებს, უბრალოდ იმის გამო, რომ ამის შემდეგ თავად მოუწევთ მსხვერპლის გაღება, თუ უსამართლობაზე ხელს არ აიღებენ. წინა წლებში კი ეს აუცილებელი არ იყო, რადგან გერმანიის მთავრობა ყოველგვარ გარეშე ზეგავლენას უდრტვინველად ეგუებოდა.“
„მართალიც რომ იყოთ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ასეთი იძულებითი აღიარება თქვენი მოძრაობის ან ჰიტლერის წარმატებად ჩაითვალოს. ყოველი ასეთი ძალით გადატანილი ცვლილება კიდევ უფრო მეტ მტერს შეგვძენს, ხოლო თუ სად მიგვიყვანს პრინციპი: „მტერი იმას ჰყავს, ვინც ძლიერია“ - ეს უკანასკნელი ომიდანაც უნდა დაგვენახა.“
„მაშასადამე თქვენ ფიქრობთ, რომ გერმანელები შემდგომშიც ყველასგან ათვალწუნებული და მასხრადაგდებული ერი უნდა იყოს? ყველაფერი უნდა მოითმინოს და მარტო მას უნდა დაბრალდეს უკანასკნელი ომი, რაკიღა ეს დანაშაული მიაწერეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ომი წააგო? თქვენი აზრით, ეს მოსათმენია?“
„ახლა კი ვეღარ გავუგეთ ერთმანეთს. - ვთქვი მშვიდად, - უფრო ნათლად აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. ჯერ ერთი, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დანია, შვეცია, ან შვეიცარია ძალიანაც კარგად ცხოვრობენ, თუმცა უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში არც ერთი ომი არ მოუგიათ და სამხედრო ძალებითაც შედარებით სუსტნი არიან. ისინი თავიანთ თვითმყოფადობას დიდი სახელმწიფოების მიმართ ნახევრად დამოკიდებულ მდგომარეობაშც შესანიშნავად ინარჩუნებენ. რატომ არ შეიძლება ჩვენც ამას ვესწრაფოდეთ? ალბათ შემედევებით, რომ ჩვენ უფრო დიდი და ეკონომიკითაც ძლიერი ერი ვართ, ვიდრე შვედები და შვეიცარელები, და მსოფლიო სარბიელზეც ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი შეგვფერის. შევეცდები უფრო შორეული მომავალი წარმოვიდგინო. ცვლილებები მსოფლიოს სტრუქტურაში. რისი მოწმენიც ამჟამად ვართ, რაღაცით ჩამოგავს იმ გარდაქმნებს, ევროპაში რომ ხდებოდა შუასაუკუნეებიდან ახალი დროისკენ გარდამავალ პერიოდში. ტექნიკის, განსაკუთრებით სამხედრო ტექნიკის განვითარებას მოჰყვა პოლიტიკურად დამოუკიდებელ მცირე ერთეულთა გაქრობა. ასეთი იყო, მაგალითად, ფეოდალთა ციხესიმაგრე და ქალაქი. ისინი გაქრნენ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები. მათი ადგილი დაიჭირა შედარებით დიდმა პოლიტიკურმა ერთეულებმა - უფრო დიდი თუ მცირე ტერიტორიის მქონე სახელმწიფოებმა. გარდამავალი პერიოდი რომ დასრულდა, ქალაქს თითქმის აღარანაირ უპირატესობას არ ანიჭებდა ძვირადღირებული გალავანი და მიწაყრილები. პირიქით, პატარა ქალაქი, რომელიც უარს ამბობდა გალავანზე, ზოგჯერ უფრო სწრაფად და ადვილად იზრდებოდა, ვიდრე შედარებით უფრო დიდი ქალაქი, რომლის ზრდას გალავნის ზღუდე საზღვრავდა. დღეს ტექნიკა წაროუდგენელ პროგრესს განიცდის: თვითმფრინავის გამოგონებამ წარმოუდგენლად შეცვალა სამხედრო ტექნიკა. ახლა, მეტადრე მკვეთრად იგრძნობა ტენდენცია უფრო დიდი პოლიტიკური ერთეულის შექმნისაკენ, რომლის საზღვრები უკვე სცილდება ეროვნების საზღვრებს. ამიტომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აჯობებდა უარი გვეთქვა შეიარაღებაზე და ეკონომიკური ურთიერთობების გზით კეთილმეზობლობა დაგვემყარებინა. შეიარაღების გაძლიერება ჩვენში სხვა ქვეყნების საპირისპირო ძალთა გაძლიერებას გამოიწვევს  და საბოლოოდ, ჩვენს უშიშროებას დაემუქრება. უფრო დიდი პოლიტიკური საზოგადოების წევრობა თავდაცვის გაცილებით უკეთესი საშუალებაა. ყოველივე ამით მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ძალიან ძნელია ისეთი პოლიტიკური მიზნების ღირებულებაზე იმსჯელო, რომელთა განხორციელება ერთობ შორსაა. ამიტომ, ჩემი აზრით, პოლიტიკური მოძრაობა ხმამაღლა გაცხადებული მიზნების მიხედვით კი არ უნდა შეფასდეს, რა მიზნებსაც ისინი, შესაძლოა, მართლაც მიელტვოდნენ, არამედ იმ საშუალებების მიხედვით, მათ განსახორციელებლად რომ იყენებენ ხოლმე.“
„მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ მხოლოდ კეთილი საშუალებით ჯერ არაფერი მიღწეულა. ახალგაზრდულ მოძრაობას არ მოუწყვია არავითარი დემონსტრაციები, არც ფანჯრის მინები ჩაულეწავს და არც მოწინააღმდეგე გაულახავს. იგი ცდილობდა, საკუთარ მაგალითზე ახალი, უფრო  სწორი ღირებულების მასშტაბი შემოეტანა, მაგრამ ამით რა გამოვიდა?“
„პოლიტიკურ ცხოვრებაში, ალბათ, არაფერი. მაგრამ კულტურას მან უთუოდ ბევრი შესძინა. გაიხსენეთ სახალხო სკოლები, გამოყენებითი ხელოვნება, ძველი მუსიკისადმი ინტერესეის გაღვივება. სიმღერისა და თვითმოქმედი დრამატული წრეები, განა ეს ცოტაა?“
„დიახ, ალბათ, არაა ცოტა. მე სრულებითაც არ მინდა ეს სადავო გავხადო. პირიქით, ძალიან მახარებს. მაგრამ გერმანია პოლიტიკურადაც უნდა გათავისუფლდეს შინაგანი რუტინისა და  გარეგანი მეურვეობისაგან; ეს კი, ცხადია, მხოლოდ კეთილი საშუალებით არ მიიღწევა. თქვენ გვაკრიტიკებთ, რადგან ისეთ კაცს გავყევით,  ვინც თქვენ ზედმეტად პრიმიტიული გეჩვენებათ და ვის საშუალებებსაც თქვენ კიცხავთ. მისი ანტისემიტიზმი ჩვენი მოძრაობის ყველაზე არასასიხარულო მხარედ მიმაჩნია, იმედი მაქვს, იგი მალე ჩაივლის.  მაგრამ განა წინა დროის რომელიმე წარმომადგენელმა, რომელიმე უფროსი თაობის პროფესორმა, ეხლა რომ უჩივიან რევოლუციას, სცადა ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, უკეთესი გზა ეჩვენებინა, უკეთესი საშუალებებით რომ მიგვეყვანა მიზნამდე? კაცი არ გამოჩნდა ვინც გვეტყოდა, რანაირად დაგვეღწია თავი ამ უბედურებისგან. მათ შორის თქვენც. რა უნდა გვექნა?“
„ჰოდა, ამიტომ ძალადობის მხარეზე დადექით, რევოლუციაში ჩაებით - იმ უაზრო ილუზიით, რომ ნგრევიდან რაღაც კარგი გამოვიდოდა? იცით, რას წერდა იაკობ ბუგჰარტი რევოლუციის პოლიკიტის საბოლოო შედეგებზე? „დიდი ბედნიერებაა თუნდაც ის, თუ რევოლუციამ სწორედ დაუძინებელი მტერი არ დასვა ბატონად.“ რაღა მაინცდამაინც ჩვენ, გერმანელებს უნდა გვერგოს ეს უჩვეულო ბედნიერება? ჩვენ, უფროსებმა - მე ჩემს თავს ამჯერად მათ ვაკუთვნებ, - ვერაფერი გირჩიეთ იმ სრულიად მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვიცოდით რა გვერჩია, ჩვენს ხელთ იყო მხოლოდ ძველი, ბანალური ჭეშმარიტება: კეთილსინდისიერად და წესიერად შევასრულოთ ჩვენი საქმე და იმედი არ დავკარგოთ, რომ კეთილი მაგალითი ბოლოს თავის ნაყოფს გამოიტანს.
„მაშასადამე თქვენ გსურთ ძველი, წასული და გუშინდელი. მისი შეცვლის ყოველი ცდა თქვენი შეხედულებით, ცუდია, მაგრამ ამაში ვეღარ დაარწმუნებთ ახალგაზრდობას. ასე ხომ ქვეყანაზე არასდროს არაფერი განახლებულა? რაღა უფლებით გამოდიხართ თქვენს მეცნიერებაში ახალი, რევოლუციური იდეებისთვის? განა ფარდობითობისა და კვანტურ თეორიებშიც რადიკალურად არაა კვაშირი გაწყვეტილი ყოველივე წინანდელთან?“
„როდესაც მეცნიერებაში რევოლუციაზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია ამ რევოლუციას კარგად დავაკვრიდეთ. ავიღოთ, თუნდაც პლანკის კვანტური თეორია. ალბათ, იცით, რომ პლანკი იმთავითვე, მკვეთრად გამოხატული კონსერვატორული ბუნების მეცნიერი იყო, ვისაც არასდროს არ ჰქონია სურვილი ძელი ფიზიკა სერიოზულად შეეცვალა. მან განიზრახა ერთი ვიწროდ შემოსაზღვრული პრობლემის გადაჭრა. სახელდობრ, სურდა სითბური გამოსხივების სპექტრი აეხსნა. მან სცადა ეს ძველი ფიზიკის კანონების მომარჯვებით და საკმაო დროც დასჭირდა, ვიდრე დარწმუნდოებოდა ამის შეუძლებლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომელიც ძველი ფიზიკის ჩარჩოებში ვეღარ ეტეოდა. პლანკი ამის მერეც ცდილობდა სხვადასხვა დამატებითი ვარაუდებით როგორღაც ამოევსო ის ბზარი, ძველი ფიზიკის კედელს რომ დააჩნია, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. პლანკის ჰიპოთეზის თანმიმდევრულმა განვითარებამ რადიკალური გადატრიალება მოახდინა მთელს ფიზიკაში. თუმცა, ფიზიკის იმ სფეროებში, კლასიკური ფიზიკის ცნებებით რომ სრულიად მისაწვდომია, ამ გადატრიალების შედეგად არაფერი შეცვლილა.
სხვა სიტყვებით: მეცნიერებაში რევოლუცია მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო და ნაყოფიერი, თუ ვეცდებით, რაც შეიძლება ნაკლები ვცვალოთ და, პირველ ყოვლისა, მხოლოდ რომელიმე ვიწრო, მკვეთრად შემოხაზული პრობლემის გადაწყვეტით შემოვიფარგლოთ.  უაზრობაა ცდა, - ერთბაშად ხელი ავიღოთ ყველაფერზე, რაც აქამდე შექმნილა და ყოველივე თვითნებურად შევცვალოთ. დღემდე ბუნებისმეცნიერებაში არსებულის დანგრევა მხოლოდ არაკრიტიკულ, ნახევრად გიჟ ფანატიკოსებს უცდიათ, - მაგალითად, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებოდნენ პერპენტუმ მობილეს აღმოჩენა ძალგვიძსო. ასეთი ცდებიდან, რა თქმა უნდა, არაფერი გამოდის, ამას გარდა, არ ვიცი, შეიძლება თუ არა მეცნიერებაში მომხდარი რევოლუცია საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციას შევადაროთ. მე ვფიქრობ, - თუნდაც ეს მხოლოდ სანუკვარი ოცნება იყოს, - რომ თვით ისტორიაშიც ყველაზე ნამდვილი რევოლუცია ისაა, რომლის დროსაც მიზნად მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული პრობლემების გადაჭრას ისახავენ და ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები შეცვალონ. გაიხსენეთ ორი ათასი წლის წინათ მომხდარი დიდი რევოლუცია, რომლის მოთავე ქრისტემ თქვა: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა, არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად.“ მაშასადამე, ერთხელ კიდევ უნდა ითქვას: საჭიროა მხოლოდ გარკვეული, მნიშვნელოვანი მიზნით შემოვიფარგლოთ და რაც შეიძლება ნაკლები შევცვალოთ. ხოლო იმ მცირეოდენმა, რომლის შეცვლაც გარდაუვალია, შესაძლოა შემდეგ ისეთი გარდამქმნელი ძალა გამოიჩინოს, რომ თავისთავად შეცვალოს ცხოვრების თითქმის ყველა სფერო.“
„ რატომ ეჭიდებით ასე ძველ ფორმებს? ისინი უმეტესად აღარ შეესაბამებიან ახალ დროს, ადამიანები მათ მეტწილად მხოლოდ შინაგანი ინერციით მისდევენ, მაშ რატომ არ უნდა მოვიცილოთ ისინი თავიდან? მე, მაგალითად სრულ აფსურდად მიმაჩნია, რომ პროფესორები უნივერსიტეტის დღესასწაულებზე კვლავ შუა საუკუნეების სწავლულთა მანტიებით ცხადდებიან. ეს ხომ დრომოჭმული პედანტიზმია, განა არ სჯობს ამაზე ხელი ავიღოთ?“
„დრომოჭმული ფორმები, რა საკვირველია, ჩემთვისაც არაფრისმთქმელია, მაგრამ მათი შინაარსი ჯერაც ძალზედ მრავლისმეტყველია. კვლავ ფიზიკას მოვიშველიებ. კლასიკური ფიზიკის ფორმულები ძველ ცდისეულ ცოდნას გამოხატავენ, რომელიც არამარტო წარსულში იყო სწორი, არამედ მომავალშიც, ყველა დროისათვის სწორი იქნება. კვანტური თეორია ცდის ამ საგანძურს მხოლოდ ფორმალურად აძლევს სხვა სახეს. შინაარსობრივად კი, ფიზიკაში, ქანქარის ქანაობა იქნება, ბერკეტის კანონები, თუ პლანეტათა მოძრაობა, ვერაფერი შეიცვლება, რადგან ამ პროცესების გვერდით თვით სამყაროა უცვლელი. დავუბრუნდეთ ისევ სწავლულთა მოსასხამებს. ეს ფორმა, ალბათ, იმ დროს შემოიღეს, როდესაც ხალხი წოდებებად იყო დაყოფილი. მათ შინაარსს კიდევ უფრო ძველი გამოცდილება შეესატყვისება. ერთი ჯგუფის ადამიანებს, რომლებმაც ბევრი რამ ისწავლეს, რომელთა აზროვნებაც სხვა მრავალთა რთულ აზრებთან ჭიდილში გამოიწრთო, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის, რადგან მათი რჩევა სხვებისაზე უფრო საფუძვლიანია. სწავლულის მანტიას ეს განსაკუთრებული მდგომარეობა უნდა გამოეხატა და ბრბოს უგონო გამოხდომებისგან დაეცვა მანტიამოსილი პირი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგი ვერ აკმაყოფილებდა თავისი წრის მოხოვნებს. ეს ჩვენს დროშიც ისევეა გამართლებული, როგორც ძველად, რამდენიმე ასეული წლის წინათ. არ აქვს მნიშვნელობა გარეგნულად როგორ გამოვხატავთ მათ: სწავლულთა მანტიით, თუ თანამედროვე ფორმით. ყოველ შემთხვევაში, მე მეეჭვება, ვაითუ, სწავლულის მანტიის ზოგიერთ განმქიქებელს თვით ამ ფორმაში გამოხატული ცოდნის შინაარსის განდევნის სურვილი უფრო ამოძრავებდეს. ეს კი დიდი სუსულელა, რადგან ფაქტს გვერდს ვერ აუვლი.“
„ახალგაზრდობის აქტივობას თქვენ კვლავ გამოცდილებას უპირისპირებთ, როგორც ამას უფროსები ყოველთვის ცდილობდნენ და მომავალშიც ეცდებიან. რას ვიზამთ, არაფერი გვეთქმის. ამრიგად, კვლავ ჩვენი თავის ანაბარა ვრჩებით.“
ჩემი სტუმარი წასასვლელად წამოდგა. მე ვკითხე, ხომ არ დამეკრა მისთვის შუმანის კონცერტის ბოლო ნაწილი, რამდენადაც ეს ორკესტრის თანხლების გარეშე მოხერხდებოდა. სიამოვნებით დამთანხმდა და შემდეგ, როდესაც გამომემშვიდობა, ვიგრძენი მისი კეთილგანწყობა ჩემდამი.
ამ საუბრის მომდევნო დღეებში უნივერსიტეტში რეპრესიები შემაშფოთებლად გაძლიერდა. ჩვენი ფაკულტეტის თანამშრომელი, მათემატიკოსი ლევი, რომელსაც კანონის თანახმად ვერავინ შეეხებოდა, რადგან პირველ მსოფლიო ომში ბევრი დიდი სამხედრო ჯილდო დაიმსახურა, მოულოდნელად სამსახურიდან დაითხოვეს. ჩვენი ფაკულტეტის უმცროს თანამშრომელთა აღშფოთება - აქ განსაკუთრებით ფრიდრიხ ჰუნდი, კარლ-ფრიდრიხ ბონჰოფერი, ვან დერ ვერდენი მახსენდება - იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტეთ უნივერსიტეტი დაგვეტოვებინა და რაც შეიძლება ბევრი კოლეგაც აგვეყოლიებინა. ვიდრე ამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოვიყვანდით, მინდოდა ერთ მხცოვან, ყველა ჩვენთაგანის უღრმესი ნდობით აღჭურვილ ადამიანს მოვლაპარაკებოდი ამის თაობაზე. ეს გახლდათ მაქს პლანკი. ვთხოვე, საუბრის ნება დაერთო და შინ ვესტუმრე, ვანგენჰაიმის ქუჩაზე, ბერლინ-გრიუნევალდში.
პლანკმა მიმიღო თავის არც ისე ნათელ, მაგრამ მყუდრო, ძველებურად მოწყობილ მისაღებ ოთახში, სადაც, მართალია  სინამდვილეში არა, მაგრამ წარმოდგენაში მაინც მაგიდის თავზე ჩამოკიდებულ ნავთის ლამფას დაინახავდით. პლანკი ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ძლიერ მოტეხილი მეჩვენა. მისი ნატიფი, მოგრძო სახე ნაოჭებს დაეღარა. ტანჯული ღიმილით მომესალმა. უსაზღვროდ დაღლილი იერი ედო.
„თქვენ ჩემთან პოლიტიკურ საკითხებზე რჩევისათვის მოხვედით. - დაიწყო მან საუბარი - ვშიშობ, რომ ვერავითარ რჩევას ვეღარ მოგცემთ. მე სრულიად დავკარგე იმედი, რომ გერმანიის და, ამით, გერმანული უნივერსიტეტების კატასტროფის შეჩერება შეიძლებოდეს. ვიდრე ლაიფციგის რეპრესიებზე მიამბობდეთ, აქაურს, ალბათ, არაფრით რომ არ ჩამოუარდება, მე ჯერ მინდა გადმოგცეთ ერთი საუბრის შინაარსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰიტლერთან მქონდა. შევეცადე გამეგებინებინა მისთვის, რა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებენ გერმანულ უნივერისტეტებს, განსაკუთრებით კი - ფიზიკის მეცნიერებას, ჩვენი ქვეყნიდან ებრაელი კოლეგების განდევნით. რა უაზრო და დიდად ამორალურია მათდამი ასეთი დამოკიდებულება, რადგან საქმე უმეტესად ისეთ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც თავს სავსებით გერმანელებად გრძნობენ და თვლიან. მათ ბოლო ომში ზუსტად ისე გადადეს თავი გერმანიისთვის, როგორც ყველა დანარჩენმა. მაგრამ ჰიტლერს ვერაფერი შევასმინე. სავალალო ისაა, რომ საერთოდ არ არსებობს ენა, რომლითაც შეიძლება ამ ადამიანს რამე გააგებინო. ჰიტლერმა, როგორც მომეჩვნება, გარესამყაროსთან კავშირი გაწყვიტა. სხვის აზრს, უკეთეს შემთხვევაში, აუტანელ დაბრკოლებად აღიქვამს. მაშინვე აწყვეტინებს მოსაუბრეს ერთი და იმავე დეკლამაციური ფრაზებით, რომ ბოლო 14 წელიწადის განმავლობაში გერმანიაში დაეცა სულიერი ცხოვრება, რომ საჭიროა ეს დაცემა ბოლო წამს მაინც შევაჩეროთ და ა.შ ფატალური შთაბეჭდილება გრჩება, რომ მას ეს უაზრობა თავადაც სჯერა და ამ რწმენას, ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, ასე ვთქვათ, თქვითონვე ძალით იქმნის. ამ ეგრეთ წოდებული იდეებით შეპყრობილს გონება ყოველი გონივრული აზრისთვის დახშული აქვს და გერმანიას საშინელ კატასტროფამდე მიიყვანს.
მე ვუამბე პლანკს ლაიფციგში მომხდარი ამბავი და გავუზიარე ჩვენი ფაკულტეტის ახალგაზრდა თანამშრომელთა გეგმა - დემონსტრაციულად დაგვეტოვებინა თანამდებობა და მკვეთრად  გამოგვეთქვა ჩვენი სათქმელი: „აქამდე და მეტი აღარ!“ მაგრამ პლანკი ჩვენი განზრახვის უშედეგობაში წინასწარ იყო დარწმუნებული.
 „მიხარია, რომ თქვენ, როგორც ახალგაზრდას, ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ ოპტიმიზმი და გჯერათ, თითქოს, ამ ნაბიჯებით შეძლებთ უბედურების შეჩერებას. სამწუხაროდ გადაჭარბებული წარმოდგენა გქონიათ უნივერსიტეტებისა და სწავლულ ადამიანთა გავლენებზე. საზოგადოება თქვენი ნაბიჯის შესახებ პრაქტიკულად ვერაფერს შეიტყობს. გაზეთებში ან სრულიად არაფერს დაწერენ, ან ისეთი მზაკვრული ტონით ილაპარაკებენ თქვენი სამსახურიდან წასვლის შესახებ, რომ არავის აზრადაც არ მოუვა აქედან რამე სერიოზული დასკვნა გამოიტანოს. ერთხელ დაძრულ ზვავს გეზს ვერავინ შეუცვლის. რამდენს გაანადგურებს, რამდენ ადამიანს შეიწირავს - ეს უკვე ბუნების კანონითაა გადაწყვეტილი. ჰიტლერიც ვეღარ განსაზღვრავს მოვლენათა შემდგომ განვითარებას, რადგან იგი თავისი გიჟური იდეების ტყვე უფროა, ვიდრე მბრძანებელი. მან თავადაც არ იცის: ის ძალა, რომელსაც ხელ-ფეხი შეუხსნა, ზე აიყვანს თუ ქვე დაანარცხებს მას. ამიტომ კატასტროფის დასრულებამდე თქვენს ნაბიჯს თქვენთვის მხოლოდ უკუზემოქმედება ექნება. იქნებ თქვენ ყველაფრისთვის მზად იყოთ კიდეც, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოთ იგი მხოლოდ კატასტროფის შემდეგ აღმოჩნდება ქმედითი. მაშასადამე, ჩვენი ყურადღება ამ მხრივ უნდა წარვმართოთ. თუ სამსახურს დატოვებთ, უკეთეს შემთხვევაში, საზღვარგარეთ მაინც მოგიწევთ მისი ძიება. ხოლო იმაზე, რაც უარეს შემთხვევაში მოგელით, ნურც ვილაპარაკებთ. უცხოეთში თქვენ იმ ზღვა ლტოლვილთა რიცხვში აღმოჩნდებით, რომლებიც სამსახურს ეძებენ. შესაძლოა არაპირდაპირ, მაგრამ მაინც წაართვათ ადგილი სხვას, თქვენზე უფრო გაჭირვებულს. იქ, ალბათ, მშვიდად იმუშავებდით, არავითარი საფრთხე არ დაგემუქრებოდათ. კატასტროფის შემდეგ, თუკი სურვილი გექნებოდათ, გერმანიაში დაბრუნდებოდით დამშვიდებული სინდისით, რომ გერმანიის დამაქცევლებთან კომპრომისზე არასოდეს წასულხართ. შესაძლოა, ამასობაში მრავალი წელი გავიდეს. თქვენ გამოიცვლებით, შეიცვლებიან ადამიანებიც გერმანიაში. საკითხავია, რის გაკეთებას შეძლებთ მაშინ, ამ შეცვლილი ქვეყანაში?
თუ არ წახვალთ სამსახურიდან და აქ დარჩებით, მაშინ სრულიად სხვა ამოცანა უნდა იტვირთოთ. თქვენ ვერ შეაჩერებთ კატასტროფას და პირიქით, მას რომ გაუძლოთ კომპრომისებზე წასვლაც მოგიწევთ. მაგრამ თქვენ უნდა ეცადოთ სხვებთან ერთად სიმტკიცის კუნძულები შექმნათ. თქვენ შეგიძლიათ ახალგაზრდები შემოიკრიბოთ, აჩვენოთ, როგორ იქმნება კარგი მეცნიერება და ამით მათ შეგნებაში ღირებულების ძველი, სწორი საზომი დაამკვიდროთ. რა თქმა უნდა, არავინ არ იცის რამდენი ასეთი კუნძული გადაურჩება კატასტროფას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭერი ახალგაზრდების მცირე ჯგუფსაც კი, რომელიც ამ საზარელ დროს ასეთი სულისკვეთებით გადაიტანს, ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნება აღმშენებლობაში. ასეთი ჯგუფები, შესაძლოა, კრისტლურ ჩანასახებად მოგვევლინონ, საიდანაც სიცოცხლის ახალი ფორმები განვითარდება. ეს, უპირველესად, გერმანიაში სამეცნიერო კვლევის აღორძინებას ეხება. მაგრამ რადგან არავინ იცის, რა როლს ითამაშებს მეცნიერება და ტექნიკა მომავალ სამყაროში, შესაძლოა, სხვა სფეროებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნეს. მე ვფიქრობ, ყველამ, ვისაც რამე უნარი აქვს და გერმანიის დატოვებას რასობრივი მდგომარეობა არ აიძულებს, უნდა სცადოს აქ დარჩენა, რათა მომავალი მოამზადოს. რასაკვირველია, ეს ძალზედ ძნელი და ხიფათით სავსე იქნება. კომპრომისებისთვის, რომლებსაც, ალბათ, ვერ გავექცევით, საყვედურები და იქნებ, სამართლიანი სასჯელიც არ აგვცდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ესაა სწორი გზა.  რა თქმა უნდა, ვერავის გავამტყუნებ, თუ სხვანაირად განსჯის - წავა გერმანიიდან, რადგან აქ ცხოვრება აუტანელია, ანდა უბრალოდ ვერ უყურებს მთელ ამ უსამართლობას და არც ხელის შეშლა შეუძლია. მაგრამ ასეთ საშინელ სიტუაციაში, როგორიც დღეს გერმანიაში გვაქვს, შეუძლებელია კაცი სწორად მოიქცეს. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, რაღაც თვალსაზრისით მაინც შევცდებით, ამიტომ, საბოლოოდ, ყველა ჩვენგანი საკუთარი თავის ანაბარაა მიტოვებული. უაზრობაა სხვას ურჩიო, ან შენ ვინმემ რამე გირჩიოს. ამიტომ მე შემიძლია მხოლო ერთი გითხრათ: დიდი იმედი ნუ გექნებათ, რომ კატასტროფის დასრულებამდე, რაც არ უნდა გააკეთოთ, ამით უბედურებას შეაფერხებთ. გადაწყვეტილების მიღებისას იფიქრეთ იმ დროზე, რომელიც მას მოჰყვება.
ამ გაფრთხილების შემდეგ საუბარი აღარ გაგვიგრძელებია. პლანკისგან წამოსულს მთელი გზა მატარებელამდე და მატარებელშიც მისი ნათქვამი მიტრიალებდა თავში, არ მასვენებდა კითხვა: წავსულიყავი, თუ დავრჩენილიყავი გერმანიაში. თითქმის შემშურდა იმ ამხანაგებისა, რომლებსაც თავისდაუნებურად წართმეოდათ გერმანიაში ცხოვრების ნება, სურდათ თუ არა, უნდა დაეტოვებინათ ჩვენი ქვეყანა. მათ უმძიმესი უსამართლობა დაატყდათ თავს და დიდი მატერიალური სიძნელეების გადალახვაც მოუხდათ, მაგრამ სამაგიეროდ ამ არჩევანს გადარჩნენ. ვცდილობდი ეს პრობლემა სხვადასხვა კუთხით დამენახა, რომ როგორმე სწორი პასუხისთვის მიმეგნო. თუ საკუთარ სახლში ოჯახის რომელიმე წევრს მომაკვდინებელი ინფექციური სენი შეეყარა, რა იქნება უფრო სწორი - დავტოვოთ სახლი, რათა არ გავავრცელოთ ინფექცია, თუ სჯობს დავრჩეთ და ავადმყოფს მოვუაროთ, გადარჩენის არავითარი იმედიც რომ არ იყოს? მაგრამ განა ავადმყოფობა და რევოლუცია ერთია? იქნებ, ეს ზნეობრივი მასშტაბების გაბიაბრუების იაფფასიანი მეთოდია? რა კომპრომისებზე მელაპარაკებოდა პლანკი? ლექციის დაწყებისას ხელი უნდა ასწიო ნაციონალ-სოციალიტური პარტიის მოთხოვნილების თანახმად. რამდენჯერ მივსალმებივარ ნაცნობებს წინათ ხელის აწევით. განა ეს სამარცხვინო დათმობა იყო? ოფიციალური წერილების  ბოლოს უთუოდ „ჰაილ ჰიტლერ“ უნდა მიგვეწერა. ეს კი უკვე ბევრად უარესი იყო, მაგრამ ასეთი წერილების წერა საბედნიეროდ ხშირად არ გვიხდებოდა. ამას გარდა, ამ მისალმების ქვეტექსტად იგულისხმებოდა: „ არ მინდა შენთან რამე საქმე მქონდეს!“. დღესასწაულებში და ღონისძიებებში უნდა მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ამას შეიძლება ზოგჯერ თავი აარიდო. ასეთი ნაბიჯების შეწყნარება, ალბათ, კიდევ შესაძლებელია, მაგრამ საჭირო გახდება ბევრი სხვა ნაბიჯის გადადგმაც. მათი შეწყნარებაც იქნება შესაძლებელი? სწორედ მოიქცა ვილჰელმ ტელი, როდესაც გესლერის ქუდს თავი არ დაუკრა და ამით საკუთარი შვილის სიცოცხლე უდიდეს საფრთხეში ჩააგდო? ხომ არ აჯობებდა კომპრომისზე წასულიყო? თუ აქ პასუხად „არას“ მივიღებთ, მაშინ რანაირად შეიძლება დღევანდელ გერმანიაში კომპრომისზე წასვლა?
მეორე მხრივ - თუ კაცი გერმანიიდან წასვლას გადაწყვეტს მაშინ რა მიმართებაში აღმოჩნდება ეს გადაწყვეტილება კანტის მოთხოვნასთან: ისე უნდა მოიქცე, რომ  საკუთარი ქცევა საყოველთაო მაქსიმად გამოდგეს? ყველა ხომ ვერ წავა გერმანიიდან. ავდგეთ და სოციალური კატასტროფისგან თავის დაღწევის მიზნით ვირბინოთ ამ გლობუსზე ქვეყნიდან ქვეყანაში? ვერც სხვა ქვეყნები იქნებიან ხანგრძლივი დროით დაზღვეულნი ასეთი კატასტროფისგან, და ბოლოს - ჩვენ დაბადებით, ენით და აღზრდით ერთი გარკვეული ქვეყნის შვილები ვართ. იქნებ, გერმანიიდან წასვლა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა უბრძოლველად დავუთმოთ ერთ მუჭა შლეგ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სულიერი წონასწორობა და თავისი სიგიჟით გერმანიას წარმოუდგენელ უბედურებას დააწევენ?
პლანკი ამბობდა, რომ შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილების მიღების წინაშე აღმოჩნდე, რომლის დროსაც ვერავითარ შემთხვევაში უსამართლობას ვერ ასცდებიო. განა ასეთი სიტუაციები შესაძლებელია? მე, როგორც ფიზიკოსმა ვცადე აზრისეული ექსპერიმენტები გამომეგონა, - ამ შემთხვევაში ისეთი რამ წარმომედგინა, როგორიც ცხოვრებაში კიდევაც რომ არ გვხვდებოდეს, სინამდვილეს საკმაოდ ემგვანებოდა და თან ისეთი უკიდურესი იქნებოდა, მისი ადამიანურად დასაშვები  გადაწყვეტის საშუალება იმთავითვე გამორიცხული ყოფილიყო. ბოლოს ჩემმა გონებამ საშინელი მაგალითი შეთხზა: ვთქვათ დიქტატორულმა ხელისუფლებამ ციხეში ჩააგდო ათი თავისი მოწინააღმდეგე და გადაწყვეტილი აქვს სიკვდილით დასაჯოს ან ყველა, ან მათ შორის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ ხელისუფლება ძალზე დაინტერესებულია, რომ საზღვარგარეთ ეს მკვლელობა სამართლიანი გამოჩნდეს. იგი მიმართავს თავის ერთ-ერთ სხვა მოწინააღმდეგეს, რომელიც თავისი დიდი სერთაშორისო აღიარების გამო ჯერ კიდევ თავისუფალი დადის, - დავუშვათ იგი ამ ქვეყნის ცნობილი იურისტია,  - ასეთი წინადადებით: თუ იურისტი მზად არის დაპატიმრებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნების მკვლელობის სამართლიანობა შესაბამის დოკუმენტზე თავისი ხელმოწერით დაადასტუროს, მაშინ დანარჩენ ცხრას გაათავისუფლებენ და ემიგრაციაში წასვლის გარანტიასაც მისცემენ, მაგრამ თუ ის უარს იტყვის ხელმოწერაზე, მაშინ ათივე დაპატიმრებულს სიკვდილით დასჯიან. იურისტს ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ დიქტატორი თავის მუქარას სისრულეში მოიყვანს. როგორ მოიქცეს? განა მისი „თეთრი ჟილეტი“, როგორც მაშინ ამბობდნენ, ცხრა მეგობრის სიკვდილზე ძვირფასია? გამოსავალი არც თვით იურისტის ნებაყოფლობითი სიკვდილი იქნებოდა, რადგან მისი სიკვდილი უდანაშაულოდ დაპატიმრებულთა დასჯას ხელს ვერ შეუშლიდა.
აქ ნილსთან ერთი საუბარი გამახსენდა, სადაც იგი „სამართლიანობისა“ და „სიყვარულის“ დამატებითობაზე მსჯელობდა: მართალია, ორივე, სამართლიანობაც და სიყვარულიც, სხვა ადამიანების მიმართ ჩვენს მოქმედებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ, მაგრამ საბოლოოდ ისინი გამორცხავენ ერთმანეთს. სამართლიანობა მოითხოვს იურისტისაგან უარი თქვას ხელის მოწერაზე: იქნებ ამ ხელმოწერის პოლიტიკურმა შედეგებმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერლოს, ვიდრე ეს ცხრა მეგობარი. მაგრამ განა სიყვარულს აქვს ნება - დაიხშოს სმენა, არ შეისმინოს ამ ცხრა მეგობრის ახლობელთა სასოწარკვეთილი თხოვნა? შემდეგ ისევ ბავშვობად მომეჩვენა ასეთი აფსურდული ფიქრების აყოლა. მე ხომ ახლა და აქვე უნდა გადავწყვიტო, წავიდე თუ დავრჩე გერმანიაში. საჭიროა კატასტროფის შემდგომ დროზე ვიფიქროთ, თქვა პლანკმა და ეს კარგად ჩავიბეჭდე გულში. მაშასადამე, საჭიროა სიმტკიცის კუნძულები შევქმნათ, ახალგაზრდობა შემოვიკრიბოთ და, შეძლებისდაგვარად, ცოცხლებმა გავაღწიოთ ამ კატასტროფას. ხოლო შემდეგ, ბოლოს, ყველაფერი თავიდან ავაშენოთ. ამაზე ლაპარაკობდა პლანკი. რასაკვირველია, ამ გზაზე კომპრომისებს ვერ გავექცეოდით, რის გამოც, შესაძლოა, დავესაჯეთ კიდეც და უარესიც მოგვსვლოდა, მაგრამ, ასე თუ ისე, ეს მაინც ნათლად დასმული ამოცანა იყო. საზღვარგარეთ ჩვენ ზედმეტნი ვიქნებოდით. იქაურ პრობლემებს სხვები გაცილებით უკეთ გადაწყვეტდნენ. ლაიფციგში რომ დავბრუნდი, უკვე მიღებული მქონდა გადაწყვეტილება: ჯერჯერობით მაინც დავრჩენილიყავი გერმანიაში, ლაიფციგის უნივერისტეტში და მენახა საით წაგვიყვანდა ეს გზა.









No comments:

Post a Comment