Thursday, May 26, 2011

წიგნიდან "კონტრკულტურა საქართველოში 1960/80-იანი წლები"

ირაკლი ჩარკვიანი
2000წ.
რეაქტიული კლუბი
ჩვენ ვიყავით ის ორი გაბედული ფუტკარი, რომელიც ყველაზე ახლოს მიფრინდა ცინკის მკერდიან მდედრთან. ჩვენ ვიყავით ბეტონის გეტოში გამოჩეკილი მუტანტები, 9 აპრილით გაბრუებული, „Момент“-ის ძმები, რომლებმაც გადაწყვიტეს გაეყვანათ ევრო კანალიზაცია, პოსტკომუნისტურად, ჩეჩმებით მორთულ სამამულო ცნობიერებაში. ჩვენ ვშრომობდით მიწის ქვეშ და თან ცეცხლს ვუკიდებდით თქვენს ფესვებს. ჩვენ ვწვავდით ყველაფერს, რაც კომუნიზმის სათბობში იყო ამოჯოჯებული. ჩვენ ვწვავდით იმ გმირებს, 90იანებში უსინდისოდ რომ აგრძელებნდნენ ტვინების აქოთებას. დამოუკიდებლობით შეშინებულ, მიტოვებულ ხალხს კვლავ ჩაესმოდა ზომბების ბოყინი სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებაზე. „დადგა დრო გამოთხოვებისა ტყესთან, დრო წითლად ხატვის წითელ ქაღალდზე“ . 90იანელი ახალგაზრდა ლიტერატორების ნაწილი კვლავ ძველ ტოტემებზე ანძრევდა, მათ აკანკალებულ ეჭვიან მეტაფორებს იმეორებდა და ცრუ პათოსით გაჯერებულ, კულტურის მჟავე ბაჟეში აწობდა სულს. ჩვენ ისინიც დავწვით, მამებთან ერთად.
რეაქტიულმა კლუბმა 1990 წლიდან ფართოდ გააღო თავისი ვიწრო კარი, რომელშიც რამდენიმე ეკოლოგიურად სუფთა კოსმონავტი შემოეტია და დაიწყო თხრა საცალფეხო ბილიკისა, რომელიც შედარებით უფრო სუფთა ტვინებს უნდა გაევლოთ ისე, რომ ფეხსაცმელები არ დასვროდათ ტოტალიტარულ განავალში. რეაქტიულმა ბილიკმა საკმაო რაოდენობის ადამიანი გადაიყვანა XXI  საუკუნეში. რეაქტიული კანალიზაციის მშენებლობაც ზუსტ ვადებში დასრულდა და დღეს მინიმალური დაწვეთებებით, ბაქო-სუფსასავით სუფთა მოედინება წარსულიდან მომავალში.
რეაქტიული კლუბი აგრეთვე ერთჯერადი შპრიცი იყო, რომელმაც თავისი მისია შეასრულა და დღეს მშვიდობით განისვენებს ისტორიის სანაგვეში. ჩვენ მაშინ ვიყავით საჭირო, როცა ენას ძირმაგარები ტკიოდა. ომის დროს აუცილებელი იყო იმის ამოძირკვა, რის გამოც ვომობდით. ჩვენ მაშინ ვწერდით ლექსს, როცა სისხლისღვრისკენ მოგვიწოდებდნენ, ჩვენ მაშინ ვებრძოდით არა სიცოცხლეს, არამედ ნაგავს, რომელსაც ვერავინ ვერ უკიდებდა ცეცხლს. ჩვენ დავუსვით ჩვენს თავს შეკითხვა, ვინ ვიყავით 90-იანებში? რა შეგვეძლო გვეთქვა იმ წუთას, წარსულისა და ილუზიებისგან განბანილთ...
რეაქტიული კლუბი იმ მედპუნქტის ფუნქციასაც ასრულებდა, რომელმაც ბევრი ტვინარეული ახალგაზრდა დაუბრუნა სიცოცხლეს, ღიმილს.. რეაქტიული პოეზია გადარჩენის, ზეთზე შემწვარი პურის, სანთელზე გამთბარი ხელით დაწერილი სიტყვები იყო. აღარსდროს განმეორდება დამოუკიდებლობის აღმაფრენა და იმავე 90იანების კატასტროფული დაცემა. აღარასდროს აღარ იქნება სამშობლო და მისი ენა ისეთი დაუცველი, როგორც მაშინ. მე მებრალება ყველა ღია ხელოვანი, რომელიც იმ დროს სხვა ქვეყნებს აფარებდა თავს და ვერ გრძნობდა სამშობლოს შეშინებულ, თითო გულისცემას. სწორედ მაშინ იყო საჭირო ჩვენი სიტყვები, ახლა კი როცა სამშობლო შედარებით უფრო „გაპოპსავდა“ და კანალიზაცია გაყვანილია, ჩენ დავიშალეთ. რეაქტიული კლუბი აღარ არსებობს, რადგან ის შეეწირა პირველივე აქტს, როგორც ჭეშმარიტი მამრი ფუტკარი. (1+1=1)


No comments:

Post a Comment